weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

ირაკლი შიოლაშვილის მამამ კიდევ 275 000 კვ.მ სახნავი მიწა იყიდა

00:08 ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017

პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახეთის ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მამამ - გენადი შიოლაშვილმა, 2017 წლის 11 სექტემბერს, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 275 000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა. დღეისათვის, ირაკლი შიოლაშვილის მშობლების მფლობელობაში 3 250 000 კვ.მ, ანუ 325 ჰექტარი სახნავი მიწა ირიცხება. შიოლაშვილის მშობლები ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ გამდიდრდნენ, რაც მათი შვილი ჯერ გამგებლად, შემდეგ კი გუბერნატორად დაინიშნა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ, ირაკლი შიოლაშვილის გუბერნატორობის პერიოდში, მისმა მამამ - გენადი შიოლაშვილმა 2016 წლის ნოემბერში იყიდა დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 14 მიწის ნაკვეთი, - სულ 20,4 ჰექტარი, რაშიც 50 000 ლარი გადაიხადა.

2016 წლის აგვისტო-სექტემბერში გენადი შიოლაშვილმა იჯარის უფლებით მიიღო 1 340 000 კვ.მ (134 ჰექტარი) სახნავი დანიშნულების მიწა, 2015 წლის 5 ოქტომბერს კი მან იყიდა სოფელ ოზაანში („თეფა“) მდებარე 24 ჰექტარი სახნავი მიწაც, რაშიც დაახლოებით 25 000 ლარი გადაიხადა.

2008-2010 წლებში გენადი შიოლაშვილმა შეიძინა სახელმწიფოსგან პრივატიზებული,  დედოფლისწყაროში, შირაქში მდებარე 3 სახნავი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 136 961 კვ.მ-ს, ანუ 13,7 ჰექტარს. მანვე, კერძო პირებისგან იყიდა დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, სოფელ ქვემო ქედში მდებარე 84 000 კვ.მ და სოფელ ზემო მაჩხაანში („დიდნაური“) მდებარე 224 000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთები, ე.ი. საერთო ჯამში - 22,4 ჰექტარი. 

„თუ კიდევ რაიმე გამოჩნდა, კიდევაც ვიყიდი“, - აცხადებს გენადი შიოლაშვილი. 

„რეგინფო“ ასევე იუწყებოდა, რომ, ირაკლი შიოლაშვილის კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, მისმა დედამ - მარინე ღვინიაშვილმა საკუთრების უფლებით შეიძინა დედოფლისწყაროში მდებარე ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), რომელთა ფართობი საერთო ჯამში შეადგენს 83,0 ჰექტარს, ხოლო მასში გადახდილი თანხა 18 000 აშშ დოლარს და 65 000 ლარს.  

ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბრიდან 2016 წლის 9 სექტემბრამდე მუშაობდა. ამ თანამდებობაზე იგი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, რომლის მეუღლე ნუნუ თამაზაშვილი შიოლაშვილის თანაკლასელია.

2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ირაკლი შიოლაშვილი საქართველოს პარლამენტში სიღნაღი-დედოფლისწყაროს №25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან იქნა არჩეული.

ირაკლი შიოლაშვილის არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში მშობლები ოჯახის წევრებად მოხსენიებულნი არ არიან, არც მაშინ, როცა შიოლაშვილი გუბერნატორად დანიშვნამდე დედოფლისწყაროს გამგებლად მუშაობდა და ამ პერიოდში მშობლებთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, 2015 წლის 22 აპრილს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება „გუბერნატორის ოჯახის ბიზნესინტერესები ბიუჯეტის ხარჯზე და თანამდებობის გამოყენებით“.

სტატიაში საუბარია კახეთის გუბერნატორის ოჯახის წევრების მიერ მშენებლობის პროცესში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაზე; გუბერნატორის მამის გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში შპს „სერვისი 2007“–ის ერთ–ერთი მუშის ნუგზარ ჯინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე; ასევე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახეთის გუბერნატორის მამამ გენადი შიოლაშვილმა უკანონოდ დაისაკუთრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო ქონება; გუბერნატორის დედა - მარინე ღვინიაშვილი კი დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში არსებულ ფართს კომერციული მიზნით, უსასყიდლოდ იყენებდა წლების განმავლობაში.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოსყიდვას ცდილობდა.

გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კი, გუბერნატორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულა და მედიაორგანიზაციას ბოიკოტი გამოუცხადა.

ჟურნალისტმა გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა და ცილისწამების უარყოფა მოითხოვა. თელავის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ გუბერნატორი გამიოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 31 მაისს, თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და ირაკლი შიოლაშვილს გელა მთივლიშვილის მიმართ ცილისწამების საჯაროდ უარყოფა დაავალა. შიოლაშვილს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]